USAID-ის ,,კარგი მმართველობის” პროგრამის (GGI) ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა. ამ პროგრამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ ვესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ზვიად მხეიძეს.
ბატონო ზვიად, როგორც ცნობილია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა. საინტერესო იქნებოდა ამ პროგრამის თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღება. დავიწყოთ იმით, თუ რას ეხება ეს პროგრამა, რას ემსახურება?
პირველ რიგში ვიტყვი, რომ მსგავსი პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან გადმოვიღოთ კარგი და საუკეთესო მაგალითები. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა კი, მართლაც რომ ერთ-ერთი კარგი სამაგალითო პროგრამაა. ის თანდათანობით ინერგება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამჟამად ეს პროგრამა პარალელურად ათამდე მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ზოგგან კი, უკვე რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებითაც.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად. როგორც ცნობილია, განვითარებულ ქვეყნებში ძალიან მაღალია მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ მმართველობაში. მოსახლეობა ძალიან აქტიურად არის ჩართული იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მათ ეხება, მათ ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. სამოქალაქო ბიუჯეტირება, ეს იგივეა რაც მონაწილეობითი ბიუჯეტირება და იგი ზუსტად მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს. მეტიც, ამბროლაურის მოსახლეობის აქტიურობის გარეშე, ეს პროგრამა ვერ განხორციელდება.
კერძოდ, რაში უნდა გამოიხატოს ამბროლაურელების აქტიურობა. რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა მოსახლეობამ?
ამ პროგრამის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კენჭისყრის ეტაპი, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თითოეულ მაცხოვრებელს აქვს საშუალება პროექტების ჩამონათვალიდან აირჩიონ მათთვის სასურველი წინადადება და მას უყარონ კენჭი. ის იდეა, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას, დაფინანსდება ამბროლაურის 2021 წლის ბიუჯეტიდან.
როგორ შეუძლია მოსახლეობას პროექტების წარდგენა და კენჭისყრა. მერიაში უნდა მოვიდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ?
წარმოდგენილ პროექტებზე ხმის მისაცემად მერიაში მოსვლა არ არის აუციელებელი. ყველას შეუძლია სახლიდან, ინტერნეტით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით (https://forms.gle/mh1UqxQPwQuchDCu6 – რედ.) შეავსოს მარტივი ფორმა და კენჭი უყაროს მისთვის სასურველ იდეას. აქვე დავამატებ, რომ ხმის მიცემა შეუძლია ამბროლაურში რეგისტრირებულ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. ხმის მიცემა შესაძლებელია ერთხელ. ხმების გადამოწმების შედეგად, არაუფლებამოსილი, განმეორებით, ან სხვანაირად გაყალბებული ხმები გაბათილდება და მხედველობაში არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტზე დაფიქსირდება ყალბი ხმების დიდი რაოდეონობა, ასეთი პროექტი მოიხსნება კენჭისყრიდან.
დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. ბოლოს, რაიმეს დამატება ხომ არ გინდოდათ?
პირველ რიგში მინდოდა მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო მოსახლეობას, მიიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა და თქვენ თვითონ აირჩიეთ საუკეთესო იდეა. დაფინანსდება ის იდეა, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე დიდ მხარდაჭერას – ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტიურობა.
ბოლოს კი, აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და USAID-ის GGI პროექტის გუნდს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებაში დახმარებისთვის.