/ჯორჯ კობი უმდიდრესი რაჭველი ამერიკაში

ჯორჯ კობი უმდიდრესი რაჭველი ამერიკაში

Spread the love

 

ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა.

დაახლოებით 100 წლის წინ ამერიკაში მცხოვრები ბავშვები ჯერ კიდევ სანთლებით და სხვადასხვა სანოვაგით რთავდნენ საახალწლო ნაძვის ხეებს, ასე ხდებოდა მანამ, სანამ ამ  დიდ და შორეულ ქვეყანაში საქართველოდან, კერძოდ კი რაჭიდან ჩასული გრიგოლ კობახიძე  არ შექმნიდა საახალწლო სათამაშოებს. 

ამ დამსახურებებისა და დიდი ბედნიერების მინიჭებისათვის, ამერიკაში შობა დიდხანს ასოცირდებოდა ჯორჯ კობის, ანუ რაჭველი გრიგოლ კობახიძის სახელთან.

გრიგოლ კობახიძე  1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაიბადა, რაჭველი გლეხის– დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ კი მღვდელთან განაგრძო სწავლა. 

10 წლის გრიგოლმა დატოვა სახლი და კითხვა-კითხვით, ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე ფეხით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბორჯომში, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი მუშაობდა.

10 წლის ბიჭმა ძმასთან ერთად დაიწყო მეტად მძიმე სამუშაოს შესრულება.14 წლის ასაკში გრიგოლი უკვე სრულფასოვნად ფლობდა მინის წარმოების ტექნოლოგიას. გარდა ამისა, შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის რამდენიმე მეთოდი, ამის წყალობით თავი გამოიჩინა და ქარხნის დირექტორის–  ყურადღებაც დაიმსახურა.

გრიგოლმა გადაწყვიტა  თბილისის ქარხანაში გადასულიყო, ამას მოჰყვა ოდესა, შემდეგ კი  კრასნოდარი, სადაც მისი შრომისმოყვარეობის გარდა მისი ფიზიკური ძალით აღფრთოვანებულმა ქარხნის დირექტორმა იგი მწვრთნელთან ჭიდაობის შესასწავლად მიიყვანა. რაჭველმა ბიჭმა აქაც წარმატებას  მიაღწია და გამანის ფალავნად იქცა, სხვადასხვა შეჯიბრიდან მიღებული ფული კი მისი შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით შვედი დაშა ნიდვიკოვა.

1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში  ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.

1909 წელს კი მეუღლესთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.

ამერიკაში მყოფს არასდროს დავიწყებია მშობლიური რაჭა, იგი დიდი აღფრთოვანებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას, 1918 წელს. მანამდე გრიგოლს ჰქონდა სურვილი მინის ქარხანა დაეარსებინა საქართველოში, თუმცა ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში, აქტიურად დახმარებას უწევდა სოფელსა და იქ მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს. სოფელში დააარსა სკოლა,  აფთიაქი,  ორი ხიდი მდინარე შარეულაზე, გახსნა და საქონლით მოამარაგა საწარმოები (მისი  აგებული ერთ-ერთი მაღაზია დღესაც დგას სოფ. თხმორში).  მოაგვარა უამრავი პრობლემა, მიუხედავად ამისა, კომუნისტურმა რეჟიმმა მაინც განიზრახა მისი დაკავება, რის გამოც გრიგოლი იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო და კვლავ ამერიკაში დაბრუნებულიყო.

1941 წელს, როდესაც ამერიკა აქტიურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, გრიგოლს სახელმწიფოსგან გადაეცა ორი მილიონი დოლარი, რათა შეექმნა ქარხანა საომარი შეკვეთებისათვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან გაისტუმრა სახელმწიფოს ვალი, გააფართოვა ქარხანა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სიახლე დანერგა წარმოებაში-დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების წარმოება, შექმნა ელექტრო სანთლები, რომელსაც “babel lamps” ეწოდა. ამ გამოგონებამ მანამდე არსებული ნამდვილი სანთლები ჩაანაცვლა.

ფერადი მინისაგან დამზადებულ სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს ,,ორნამენტი“ უწოდა.

შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 სათამაშოს, ინგლისურ  და ფრანგულ ენებზე ჰქონდა წარწერა (რადგან სათამაშოები ამერიკის გარდა კანადასა და სხვა ქვეყნებშიც გადიოდა),,კობი ეს შობაა” სწორედ ასეთი წარწერის მქონე სათამაშოებით ირთვებოდა მაშინ ამერიკელი ბავშვების საახალწლო ნაძვის ხეები.

“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.

აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.

გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.

ის  მთელი ცხოვრება ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით დიდ დახმარებას უწევდა სხვადსახვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. სამწუხაროდ, მას და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ გრიგოლს სურდა თავისი  წარმოება როლიმე ქართველი ბიზნესმენისთვის გადაეცა ,თუმცა ამ დროს ქართველთაგან არავინ აღმოჩნდა ამ საქმით დაინტერესებული, ამიტომ იძულებული იყო  პარტნიორებად იტალიელი ძმები გაეხადა.

1964 წელს იგი ამერიკაში გარდაიცვალა 84 წლის ასაკში იტელიელ ძმებს არ მიუციათ მისი სახელი დავიწყებისთვის, ამერიკაში მინის ქარხანა დღესაც ჯორჯ კობის ანუ რაჭველი გრიგოლ კობახიძის სახელს ატარებს.


Spread the love