იყო დრო, ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში, ჩემ თავში განსხვავებული ჰობი აღმოვაჩინე. ძალიან მიყვარდა ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებზე დაკვირვება, რათქმაუნდა გათვიცნობიერებული არ მქონდა,რომ ვიღაც ლაწირაკი გაფართოებული თვალებით რომ გაკვირდებაა ვერაა მთლად მოსაწონი. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მეტროში, ბაზარში ხშირად შეხვდებოდით იმ ავბედით დროს, ერთ გამხდარ ჯეელს,რომელსაც აინტერესებდა ყველა ქცევა, მანერა, დამოკიდებულება,ძალით ოპტიმისტური თუ გაუთვიცნობიერებლად პესიმისტური ხასიათი.
მეტროს ბოლო რეისი… ადგილი სადაც ხვდები, რომ ცხოვრების იმ ჯაჭვში ჩაები, სადაც ყველაფერი გაორმაგებული სიმძაფრით იგრძნობა. თითქოს ერთი ხელის მოსმით ინგრევა ყველაფერი,რასაც ბავშვობაში „უდარდელ“ თუ „საამურ“ ცხოვრებაზე გვიხატავდნენ.რაც ყველაზე მეტად გასაოცარია, ყველა:„ბოდიში“,“მომიტევეთ“,“დავიღალე“,“გამარჯობა“,“არამიშავს“ გულწრფელია… დაღლილ ადამიანს თამაშის თავი აღარ აქვს.
სწორედ მეტროში და ვერსად სხვაგან ვერ გამოიტანთ ადამიანზე დასკვნას ჩაცმულობით.
მეტროში შეხვდებით ბევრ მკითხველს და ეს ფაქტი სულის ფორიაქს გიმშვიდებს. უხარია თვალს წიგნი რომ უჭირავს ადამიანს ხელში,რა მნიშვნელობა აქვს სწორად თუ უკუღმა,იმედის მომცემი ისაა რომ ოდესმე წაიკითხავს.
ბაქანზე მორბენალ ვაგონში თუ გაავლებ პარალელს, პროფესორსა და გაჭირვებულ ადამიანს შორის, სადაც ფინანსური შემოსავალი შესაძლოა ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებაში ერთი იყოს…
მეტრო სახელმწიფოს ჰგავს, მარმარილოთი მოპირკეთებული სადგურებით ვერცერთი ევროპის წამყვანი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის… ჩვენი ქვეყანაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთი დიდი მარმარილოს აკლდამაა,სადაც ერთი შეხედვით ვერც გაიფიქრებენ,რომ აქ შეიძლება ვინმეს უჭირდეს.
მეტრო მიყვარს…