შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აჭარაში უხვი ნალექი მოვიდა.
ამის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა 400-მდე შეტყობინება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.
მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
.