სოციალურ ქსელში , 28 სექტემბერს გავრცელდა პეტიცია რაჭასა და ლეჩხუმში ორი მასშტაბური კასკადის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით.
პეტიციას ,,მოძრაობა არა ონის კასკადს” აქვეყნებს, ტექსტში წერია, რომ ონის და ნამახვანის კასკადები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას.
პეტიცია იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3jd8UaK
,,საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს – ონის და ნამახვანის კასკადების. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას
ონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის – რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს – ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.
ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.
არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.
433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.
ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.
არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.
ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).
აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.
მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე – სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.
შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!
საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:
- შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.
- დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.
- საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.
- გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.”