აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალიდან აიკრძალება რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.
ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.
როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დღეს, რისკების მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და ადამიანის სწრაფი დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, 112-ისა და სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, საკარანტინე სივრცეები და ტესტირება.
ვირუსის მართვის კუთხით დაგროვილი საერთო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კლინიკური მართვის ნაწილშიც და ამოქმედდა როგორც ბინაზე, ასევე – კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა, ხოლო მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს და სწორედ ამას ემსახურება ის ლოკალური, მიზნობრივი შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსთან ადაპტაციის ეტაპზეც გამოიჩინონ მაქსიმალური დისციპლინა, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4399 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1705 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 26 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 563 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.