/I-VI კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება

I-VI კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება

Spread the love

 

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში – სრულად განახლდება

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში – სრულად განახლდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში.

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლა შენარჩუნდება ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.

ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დღეს, რისკების მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და ადამიანის სწრაფი დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4399 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1705 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 26 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 563 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.


Spread the love