/როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები

Spread the love

გიორგი გახარიას თქმით, მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან, ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, რითაც პირველ რიგში, უნდა შეანელოს ინფექციის გავრცელება და შემდეგ, კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს, გამოაჯანმრთელოს მოქალაქეები, რომლებიც სწრაფად დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ვირუსის გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით მათ ჩვენებების შესაბამისად ამისამართებს.

„ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაში სისტემა იწყებს მის ირგვლივ კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და რისკების დაზღვევას. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ეფექტურად მუშაობს საკარანტინე სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ შედეგის, ამ ეტაპების შემდეგ ეფექტურად მუშაობს ტესტირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, თებერვალ-მარტის თვეში, ქვეყანაში ვაკეთებდით 200 PCR-ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. დღეის მდგომარეობით, სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა დღეში საშუალოდ აკეთებს 9 000 ტესტს. რა თქმა უნდა, დრო იყო საჭირო, რომ მოვმზადებულიყავით და ამას სჭირდებოდა, როგორც რესურსები, ასევე ადამიანების გადამზადება. გარდა ამისა, მარტში PCR-ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორია, დღეს არის 22 ლაბორატორია, სადაც PCR-ტესტის გაკეთება შესაძლებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ვირუსის მართვის კუთხით დაგროვილი საერთო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კლინიკური მართვის ნაწილშიც და ამოქმედდა როგორც ბინაზე, ასევე – კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა, ხოლო მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან.

კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში მომზადდა, გულისხმობს მძიმე შემთხვევების, მათ შორის, რისკ-ჯგუფების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების სტაციონარში მკურნალობას, შედარებით მსუბუქი შემთხვევები, რომელთაც არ სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო დახმარება, კოვიდ-სასტუმროებში გადადიან, ხოლო საერთოდ მსუბუქი, ან უსიმპტომო შემთხვევები – სახლში მკურნალობენ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა კლინიკური მკურნალობის ახალი სქემაზე უკვე გადამზადებულია.

„კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა უკვე ამოქმედებულია აჭარაში და ეფექტურად მუშაობს. კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ამას ეფექტურად აკეთებს ქვეყნის მასშტაბით. ეს საკმაოდ კარგად გამოჩნდა აჭარაშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას და ისწავლონ ვირუსთან თანაცხოვრება.


Spread the love