/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თსუ–ს ონლაინ-ლექციებზე დამსწრე სტუდენტები და არაიდენტიფიცირებული პირები ლექტორებს შეურაცხყოფას აყენებენ.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-ს ადმინისტრაციამ უმოკლეს დროში შეძლო. აღნიშნული პირი სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით განიხილავს მათ საკითხსაც. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, შსს მათი იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს.“

როგორც თსუ-ში აღნიშნავენ, საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.