შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის.
ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.
საპოლიციო ძალებმა კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ: „112“-ში შესულია შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებულია ინფორმაცია, ან მედიასაშუალებით ან სხვა ღია წყაროდან მიღებულია ინფორმაცია პირის ან პირთა ჯგუფის მიერ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
ბ) საპოლიციო ძალების წარმომადგენელი კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უშუალოდ შეესწრო საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტს.
აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
ბრძანების თანახმად, პოლიციელი (საპოლიციო ძალების წარმომადგენელი) ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი.
დაუშვებელია, პოლიციელის (საპოლიციო ძალების წარმომადგენელის) ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.