ნათია მეზვრიშვილის განცხადებით სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
„დღეს, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან. გვესმის, რომ გასული დღეების განმავლობაში სოციალური ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს, სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით მეტად მომზადებულია.
„ჩვენ წლის დასაწყისში, განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და ამ მიზნით ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეგვეკავებინა. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და გავატარეთ განსაკუთრებით მკაცრი ზომები. დღეს, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა, იმიტომ, რომ შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად, ჩვენ ეს შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა მომზადებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ. ამიტომ, ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.