თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება აუდიტორიებსა დ საკლასო ოთახებში პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.
ზემოაღნიშნულ ქალაქებში სწავლა ონლაინ 15 სექტემბერს განახლდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად, ორი კვირა გვჭირდება. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში – 1-ელი ოქტომბრიდან. სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად გვქონდა, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი – კლასებში. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.