/ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება – გიორგი გახარია

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება – გიორგი გახარია

Spread the love

 

 

ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა.

ინფიცირების 57 შემთხვევა დღეს და 44 შემთხვევა გუშინ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„მეორე ტალღას ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომაზე და ეს პროცესი, ფაქტობრივად იწყება. მთავარია, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ სიტუაციას სრულად ვმართავთ.

ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ, დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებდა დაახლოებით 150 PCR ტესტს.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალოდ, გააკეთოს 6-7 ათასი ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება. იმისთვის, რომ სტრატეგია, რომელიც პირველი დღიდან ავირჩიეთ – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, მისი შესრულებისთვის მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ადამიანის საბაზისო მოთხოვნები არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო 1-ელ ოქტომბერს, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდება.

„დღეიდან, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, იკრძალება. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. ასევე იკრძალება რიტუალური ღონისძიებები.

გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილით, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვექმნა, ერთი მზარდი კლასტერი ცაგერში, ერთი – ქუთაისში, ერთი – ზუგდიდში და ა.შ.

ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი.

ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასევე იკრძალება ღამის კლუბების საქმიანობა ღია სივრცეებშიც.

„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ამკრძალავი ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალური სისტემის მზადყოფნასა და ხანდაზმულებზე, როგორც მაღალი რისკის ზონაში მყოფ ადამიანებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ სხვა რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, გააძლიერონ თვითმონიტორინგის ხარისხი და პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს მიმართონ.

„როგორც კი პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ 112, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება.

როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება, ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე მოუწოდა დამსაქმებლებს, მაქსიმალურად იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.

„კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრდება. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მთავრობის მიერ დაწესებული საკანონმდებლო ნორმები სრულად შესრულდეს.

საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის თითოეული ჩვენგანის ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად.

როგორც აქამდე, საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით – მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


Spread the love