/თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.

დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს გასულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირების განახლება, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რაც 10 სექტემბრიდან შევა ძალაში.

გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული გეგმები გააჩნდათ, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება – იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ღია სივრცეებზეც გავრცელდება “, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.