15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა;
15 სექტემბრიდან – სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად;
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევაა, საიდანაც 32-ის წყარო დადგენილია, მათგან 20 შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებელია მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების უფრო ეფექტურად მართვისთვის.
„ეს აუცილებელია, რათა ჩვენ, ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და რომლებთანაც მოქმედებდა ნაცვალგების პრინციპი. მათ ჩვენი მხრიდან უწესდებათ PCR ტესტის მოთხოვნა 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, დამატებითი დისკომფორტი არ შევუქმნათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სავალდებულო კარანტინს, 15 სექტემბრიდან კარანტინი 12 დღის ნაცვლად 8 დღეს გაგრძელდება, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მე-9 დღეს დატოვებენ, თუმცა მათ ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.
„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია, ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, 3 ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სასტუმროებშიც გაგრძელდეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი კლინიკური ჯგუფის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება.
„ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რა გახდა სავალდებულო კარანტინის 12-დან 8 დღემდე შემცირების საფუძველი და აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის ძალაც და გადაცემის რისკებიც მე-8 დღიდან მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იძლევა შესაძლებლობას, ადამიანს მე-8 დღეს ჩაუტარდეს ტესტი და თუ ინფიცირება არ დაუფიქსირდა, კარანტინის ზონა დატოვოს, თუმცა 100%-იანი გარანტიისთვის მე-12 დღეს მას სავალდებულო ტესტირება კიდევ ერთხელ ჩაუტარდება.