/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები.

ჯამში კონკურსი გამოცხადდა 21 942 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი მიმდინარეობს 9 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან პირადად ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში და გამოქვეყნებულია ცესკოს ვებ–გვერდზე.