/საკონდიტრო „დონა“, სადაც 22 შემთხვევა დაფიქსირდა განცხადებას ავრცელებს

საკონდიტრო „დონა“, სადაც 22 შემთხვევა დაფიქსირდა განცხადებას ავრცელებს

Spread the love

 

 

დღეს ბათუმში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება, თუმცა კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე გაიზრდება.

მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იყო მსჯელობა ვითარებასთან, რისკებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„პირველ რიგში, ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. ასევე, ტესტირებები გახდება კიდევ უფრო ინტენსიური. დღეს ბათუმის ბულვარში დაემატა კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეები და სტუმრები ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ. ამასთან, გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ. ასევე, მათ მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილების, ჩვენი მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად,  უკვე შეჩვეული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი“. – განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, ბათუმის ერთ-ერთ საკონდიტროში დაფიქსირებული შემთხვევების კონტაქტები მოძიებულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების ინტენსიური მუშაობა.

„ამ დღეების განმავლობაში, ეპიდემიოლოგებმა ინტენსიური სამუშაოები განახორციელეს. დადგენილია ყველა კონტაქტი, უკვე ჩატარდა ათეულობით ტესტი და ჯამში სიტუაცია არის მართვადი. გასულ სამი თვეში შიდა ტურიზმი შედგა აჭარაში და შესაბამისად, ამის პარალელურად იყო საკმაოდ მომატებული რისკი, რომ ჩვენ გაგვიჩნდებოდა მსგავსი ეპიდემიოლოგიური კერები. თუმცა, ამ რისკების პროპორციულად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

“კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.”- ნათქვამია საკონდიტროს განცხადებაში.

Spread the love