1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება, აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.
მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო