საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ , დღეს ტელეკომპანია „მთავარისა“ და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებში წერია, რომ ტელეკომპანია „მთავარის” მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, “თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს“.
”საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის.
შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე შეახსენებს ყველას, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ.
სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.
ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (“სუროგატი დედა”)”.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან.
ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და იმ დროს პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო მოცემული სფერო.
ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2013 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, იღებს რეგულაციებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და ამასთანავე მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.
2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა.
კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს.
ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის.
ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც.
ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).
აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.” – წერია განცხადებაში.