/ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ნეოლითური პერიოდის, რვა ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა 

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ნეოლითური პერიოდის, რვა ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა 

Spread the love

 

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.

ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.

არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.

აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება. მუზეუმი, რომელიც ახლახანს გაიხსნა რეგიონის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს, სწორედ მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლა.

აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა.


Spread the love