/როდის დაიწყება 17 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემა

როდის დაიწყება 17 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემა

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

საბანკო დავალიანების მქონე პირებს , 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება,  არ ჩამოეჭრებათ.

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება;

საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.