/ბოლო ცნობები კორონავირუსის შესახებ

ბოლო ცნობები კორონავირუსის შესახებ

Spread the love

 

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ხუთი აჭარაში დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსი ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა .

მისივე განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ერთი ქობულეთს უკავშირდება, ერთი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა.

„1341 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1351. ათი შემთხვევიდან ერთი პაციენტის წყარო ლენჯერია, ერთის ქობულეთი, ანუ სასტუმრო „ჰავანა“, ერთი პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო ორის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი განიკურნა.

„გამოჯანმრთელებულები მხოლოდ ექვსით გაიზარდა და არის 1098. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდ-ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხად მარინა ეზუგბაიამ.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი კარანტინში, ხოლო 27 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის კაფე „ჰავანას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეების თანამშრომლების, რომელთა პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის აჭარაში კარანტინში ჯამში 3 014 იმყოფება.

 


Spread the love