/უჩა ჯაფარიძე – 114

უჩა ჯაფარიძე – 114

Spread the love

 

 

“მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ უჩა ჯაფარიძე იყო ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ელეგანტური, ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე პეწიანი არტფუნქციონერი?!

ერთ რამეს ხომ ვერაფრით დააბრალებ – უხამსობასა და ვულგარულობას?!

მისი ფერწერის ხარისხიც მუდამ სტაბილურია; სანიმუშოდ სტაბილური…

სტაბილური და გალანტური!

„ძველი ოსტატებისამებრ“ მისდევს ფერწერული კრეატივის შესატყვისი სამშრიანი სუქცესიის პრინციპს: კომპოზიციიდან ფორმამდე:

ფორმიდან – კოლორიტამდე…

უჩა ჯაფარიძე ზედმიწევნით პასუხობდა სოცრეალიზმის საბაზისო პოსტულატებს: კლასობრიობას, იდეურობას, პარტიულობას, ხალხურობას. ყველაზე სახალხო მხატვარი იყო…”

დავით ანდრიაძე

 

1906 წლის 17 აგვისტოს ონის მახლობლად სოფელ ღარში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე.

უჩა ჯაფარიძემ ხატვა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. მათ ოჯახში ხშირად თავს იყრიდნენ  მეგობრები. ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა და წიგნები, იკრიბებოდნენ საჯაროდ, იდგმებოდა პიესები.

ის გატაცებით კითხულობდა ჟურნალებს, სადაც მოთავსებული იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის და სხვათა რეპროდუქციები. მალე მისი ოცნება ასრულდა.

1922 წელს მოსე თოიძემ გახსნა სამხატვრო სტუდია. ძმებმა იგი თბილისში ჩამოიყვანეს საშუალო სკოლის დასამთავრებლად, პარარელურად იგი სასწავლებლად შევიდა მოსე თოიძის სტუდიაში.

 

1924 წელს გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი.

1928 წელს უჩა ჯაფარიძე ბრუნდება აკადემიაში. აქ მას ასწავლიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი.

1931 წელს სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც;

1932 წელს მოეწყო ექსპედიცია თუშეთში. ამას შედეგად მოჰყვა სურათები: `თუში მეცხვარე~, `თუშები~ და სხვა.

 

 

“უჩა ბევრს არ ხატავს; გრაფომანის სინდრომი არ აწუხებს… საკუთარი თავის ფასიც იცის და მხატვრობაზე გახარჯული შრომის ყადრიც.

მხატვარი-სტახანოველი არასოდეს ყოფილა და არც დაშაქრული სუვენირების ტირაჟირებით ურჩენია თავი… არც სჭირდებოდა!

1962 წელს მარტო ერთი სურათი დახატა -„ტყუპები;  სურათი… თორემ, ვირტუოზულ ეტიუდებსა თუ გრაფიკულ კროკებს ძველებურად „წყალობდა“.

 

 

ეს წელი მაინც გამორჩეულად დაახსომდება: განსაკუთრებით, შემოდგომა…

14 ოქტომბერს საქართველოს სახალხო მხატვარი (იმპერიის სახალხო მხატვრობამდე ერთი წელი დარჩენია!) ონსა და ამბროლაურში, მერე კი ქუთაისს მიემგზავრება.

პატრიარქივით ეგებებიან; არადა, ჯერ მხოლოდ ორმოცდათხუთმეტისაა… 60 წლის იუბილეს 62 წლისას გადაუხდიან.

თბილისში, სურათების გალერეაში გაუმართავენ გალაგამოფენას; „სეკვესტრირებულ“ ვარიანტს სტალინის მშობლიურ ქალაქში ჩაიტანენ.

თბილისში, ოპერის თეატრში, თვალზე ცრემლმომდგარი ისმენს მისასალმებელ სიტყვებს.

პარტერის მთავარ კართან 1940 წელს მის მიერ დაწერილი პორტრეტი ჰკიდია ზაქარია ფალიაშვილისა. დიდი მაესტრო და დიდი ფუნქციონერი პარტიისა ხალხის სიყვარულს იმკის.

აი, რაჭული ტურნე კი, დიდი იუბილეს რეპეტიციად გამოდგა! წარმომიდგენია, როგორ ხვდებოდნენ ზემო რაჭველი მხედრები; როგორ ევლებოდნენ თავს… როგორ ეფერებოდნენ… როგორ ანანავებდნენ…

 

ეს იყო უჩა ჯაფარიძის „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”.

შუკა-შუკა… ქალაქ-ქალაქ… დაბა-დაბა… სოფელ-სოფელ… ღვაწლმოსილ მხატვარს იუბილე-ვოიაჟისას გზებზე ხვდებოდნენ თურმე, მისივე პერსონაჟები და „ნინოშვილის გურიისა“ არ იყოს, „ჯაფარიძის რაჭის“ ინსცენირებული, უფრო ზუსტად, პერფორმირებული აქციით ესალმებოდნენ.

ამ პერფორმანსის საპატიო ყარაულში ავტოინსპექტორებივით რეიდზე გამოსულიყვნენ: „ბაბუა და მისი სიხარული“-პიონერი შვილიშვილი;

კალათიანი იმერელი; სტვირმომარჯვებული რაჭველი (რომლის ღიმილიც თავის დროზე ერთმა ესთეტიკის აკადემიკოსმა ყბადაღებულ „ჯოკონდას ღიმილსაც“ კი გაუტოლა);

ზემო, ქვემო თუ შუაღარელი კოლმეურნე ქალი; იქნებ, სულაც ის, წერილი რომ გაუგზავნეს კონვერტზე წარწერით: მიეცეს შუა ღარშიო.

 

მშობლიურ ონში პერფორმირებული „ცოცხალი სურათები“ უჩა ჯაფარიძის ტილოების სტოპკადრებს იმეორებდნენო… ჩვენი საყვარელი ოსტატი ხომ ჯერ სურათებს უღებდა თავის პერსონაჟებს?! უფრო ზუსტად, ჯერ ფოტოზე აფიქსირებდა ცოცხალ მიზან-კადრებს, მერე კი ტილოზე გადაჰქონდა. ამ მეთოდით სხვებიც მუშაობდნენ, რუსეთშიც და საქართველოშიც… ასე „ათამაშა“ ლატავრა ფოჩიანს რუსთველისეული ნესტან-დარეჯანისა და თინათინის „როლები“. სამაგიეროდ, ვერიკო ანჯაფარიძე და უშანგი ჩხეიძე როლებში კი არა, ცხოვრებისეული „ნიღბებით“ დაგვანახა; ნიღბებით – იუნგისეული გაგებით…

ამხანაგ უჩას გულის სიღრმეში, ალბათ, თავისი ციცქნა რაჭა ერჩივნა უკიდეგანო საბჭოეთს;

პატარა ღარი-დიდ მოსკოვს, საიდანაც პროვინციელი მათემატიკის მასწავლებლის შვილი 1925 წელს კუდამოძუებული გამოისტუმრეს ВXYTЕМАС-ის გამოცდებზე გეომეტრიაში ორიანის მიღების შემდეგ.

თავისი სიყრმის მეგობრები-ძველი ონელი ტოლ-ამხანაგებიც უფრო უთბობდნენ ალბათ, გულს, ვიდრე ამხანაგი სტალინი. და ისიც, სიცოცხლის დაისამდე ინტიმური დღიურებივით წერდა რაჭის ჟანრულ-ეთნოგრაფიულ სურათებს.

მაგრამ ამ პაწია სურათებითა და ეტიუდებით ვით მოიხვეჭდა სახელს უვრცეს იმპერიაში?! უჩა თავიდანვე შეარჩია მშობლიურმა პარტიამ და ხელისუფლებამ თავის ფავორიტად; და არა უბრალო ფავორიტად. პარტიულ ბიუროკრატადაც.

უჩას ერთ-ერთი საყვარელი მოტივი, ბოლო წლებში რომ მიმართავდა, ცალუღელა ხარის ბღავილი იყო. ეს იყო მხატვრის ბღავილი, მისი სასოწარკვეთილი მზაობა დაუსრულებელი სიკვდილისკენ…. საბჭოთა ხელოვნებას სიკვდილი ბოლომდე მიჰყავდა და ამ ხელოვნების ონტოტექსტიც სრულყოფილი უნდა ყოფილიყო;

პერფექციონისტულიცა და ასკეტურიც. სხვაგვარად რევოლუციური ვერ იქნებოდა. ნამდვილად რევოლუციური მოძრაობა ახალი რევოლუციური ასკეზადან მოდის; ახალი წესრიგის დამყარებიდან…

ო, რა საშიში სიტყვაა „წესრიგი!“

წესრიგის დამყარება – მითუმეტეს… არადა, აუცილებელია!

კულტურაც ხომ წესრიგის დამყარებაა;

დიდი საბჭოური სტილი – მითუმეტეს! ასეთ წესრიგს ამყარებდა უჩა ჯაფარიძე;

ამ გაგებით, ისიც რევოლუციონერია; ოღონდ, არა ხელოვნებაში…

გალანტურობითა და კულტურალური კეთილშობილებით… თავისი წილი პასუხისმგებლობა წარსულის გამო არასოდეს მოუხსნია.

ეს წარსული ჯერაც არ დასრულებულა! უჩა ჯაფარიძის გალანტური დიქტატურა ისევ მოგვხიბლავს!”

დავით ანდრიაძე

 

 

 

 


Spread the love