/გლოლა • უძირო ტბა • შოვი

გლოლა • უძირო ტბა • შოვი

Spread the love

 

ბილიკი ორ დღიანია და საშუალო სირთულის, მანძილი დაახლოებით 18 კმ. ძლიერი ნისლისა და უამინდობისას თავი შეიკავეთ უღელტეხილებზე გადაადგილებისგან.

პირველი დღე (მანძილი: 7.3 კმ. დაახლოებით 5–6 სთ)
მარშრუტი სოფ. გლოლადან, საშუალო სირთულის ბილიკით იწყება, შერეულ ტყეში შედის და მდ. ჩიბისრუს მარჯვნივ მდებარე ქედს მიუყვება. დაახლოებით 4 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი ალპურ ზონაში გადადის და კლდოვან-ნაშალი რელიეფი იწყება, რომელიც შედარებით რთული სასიარულოა. საბოლოოდ ბილიკი ქედის წვერზე ექცევა და 600 მეტრის გავლის შემდეგ უძირო ტბასთან ჩადის, რომლის შემოგარენიც პირველი დღის საბანაკედ არის გათვლილი.

მეორე დღეს დაახლოებით 10 კმ–ია გასვლელი და ბილიკის ხანგძლივობა 7 საათია.
უძირო ტბის საბანაკე ადგილიდან ბილიკი კურორტ შოვისკენ გრძელდება და დაახლოებით 1 კმ-ის გავლის შემდეგ მარშრუტის უმაღლეს წერტილზე, მთა – დოლომისისწვერის სამხრეთით მდებარე უღელტეხილზე ადის (3072 მ.).

ამ ადგილებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება მთელს შემოგარენზე და ძალიან კარგად მოჩანს ცნობილი მწვერვალი – კატიწვერა. უღელტეხილიდან ბილიკი მდ. ჩხოჭას ხეობაში იწყებს დაშვებას, შემდეგ ქედს მიუყვება, შერეული ტყით დაფარულ მონაკვეთებს გაივლის და საბოლოოდ შოვში სრულდება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ  უღელტეხილიდან დაშვებისას ბილიკის პირველი 800 მ-იანი მონაკვეთი ციცაბოა და ნაშალი ზედაპირი აქვს, ამიტომ მასზე გადაადგილებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

რუკა :https://bit.ly/2PVQtue

გარეკანის და სტატიის ფოტოები: მარიამ მესხიშვილი

ფოტო:გიორგი ენუქიძე

 


Spread the love