/რა უნდა ვიცოდეთ ჯილეხის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ჯილეხის შესახებ

Spread the love

 

 

ჯილეხი(ციმბირის  წყლული, ანტრაქსი) მწვავე ინფექციური ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრამდადებითი, ენდოსპორის წარმომქმნელი, უძრავი, ჩხირისებრი ბაქტერია-B.Anthracis.

ჯილეხით ძირითადად ავვადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები.

რაც შეეხება ჯილეხით ადამიანის ავადობის შემთხვევებს, უმეტესწილად გამოწვეულია ინფიცირებულ ცხოველთან და  ცხოველურ პროდუქტთან პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტის გზით, თუმცა არსებობს B.anthracis ადამიანებში ინჰალაციური გზით გავრცელების შემთხვევები ბიოლოგიური თავდასხმის (B.anthracis როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების) შედეგად.

დაავადება მანიფესტირდება კანის, ფილტვისმიერი და გასტროინტესტინური ფორმით, ინფექციური აგენტის ორგანიზმში მოხვედრის გზის შესაბამისად.

ჯილეხის ბაცილები ინფიცირებული ცხოველის შარდის, ფეკალიების და ჯილეხით დაცემული ცხოველის სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების გამოთავისუფლების შედეგად ხვდებიან გარემოში.

მკბენარა მწერები რომლებიც იკვებებიან დაავადებული ცხოველის ლეშით ასევე  შესაძლოა ასრულებდნენ მექანიკური ვექტორების როლს დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელებაში.

მოხვდებიან რა გარემოში ჯილეხის ბაცილები თავისუფალ ჟანგბადთან ექსპოზიციისას  წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც მიძინებულ(არავეგეტატიურ) მდგომარეობაში რეზისტენტულნი არიან გარემო პირობების მიმართ და ინარჩუნებენ ინფექციურობასა და სიცოცხლისუნარიანობას ნიადაგში, ცხოველის ბეწვის საფარში, წყალში და მცენარეებზე, ათწლეულების  განმავლობაში.

ტუტე გარემო, კალციუმის მაღალი შემცველობა, ტენიანობა და ორგანული ნივთიერებების არსებობა განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის ნიადაგს სპორების გადარჩენისათვის. ჯილეხის  შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით, დედამიწის ყველა კონტინენტზე.

დაავადების აფეთქებები ხშირად მოსდევს გარკვეულ კლიმატურ მოვლენებს მათ შორის წყალდიდობას, ძლიერი წვიმებს, ასევე ადამიანების მიერ B.anthracis სპორებით დაბინძურებული ნიადაგის დამუშავებას და სამშენებლო პროცესებს, ვინაიდან ხდება ნიადაგის სიღრმეში კონცენტრირებული სპორების რელოკაცია მიწის  ზედაპირზე.

საქართველოში ჯილეხი მიიჩნევა ენდემურ დაავადებად.

პირველად იგი აღწერილი იყო სულხან-საბა ორბელიანის 1697 წლით დათარიღებულ ხელნაწერ მონოგრაფში.

ჯილეხის სპორადიული შემთხვევები ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში;

მათ შორის ყველაზე მაღალი ინციდენტობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

საქართველოში დღეისათვის იდენტიფიცირებულია 2000-ზე მეტი ჯილეხით დაავადებული და დაცემული ცხოველის ნიადაგობრივი კერა.

 

ავტორები:მარინა ნიკოლაიშვილი,ანა გულბანიი, ირმა ბერაძე, მარინა ზაქარეიშვილი, ელისო მამისაშვილი, ანა კაპანაძე.


Spread the love