/დღეიდან წინასწარი დაჯავშნის სისტემა გაუქმდა შვიდ იუსტიციის სახლსა და 61 საზოგადოებრივ ცენტრში

დღეიდან წინასწარი დაჯავშნის სისტემა გაუქმდა შვიდ იუსტიციის სახლსა და 61 საზოგადოებრივ ცენტრში

Spread the love

დღეიდან, შვიდ იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, – ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მოქალაქეები  წინასწარი დაჯავშნის გარეშე მომსახურებას მიიღებენ ონის იუსტიციის სახლში, ამბროლაურის, ჭრებალოსა და ლენტეხის საზოგადოების ცენტრებში.
მოქალაქეებს დღეიდან ასევე, დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის ფილიალები;
ასევე,  ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში საზოგადოებრივი ცენტრები წინასწარი დაჯავშნის გარეშე მომემსახურებიაინ მოქალაქეებს.
სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.psh.gov.ge.
ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა, მისთვის სასურველ დღესა და დროს  მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის საშუალებით  შეუძლია, პორტალზე my.gov.ge.
სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00-დან ღამის 12:00 საათამდე შეუძლიათ. ხოლო, სხვა ფილიალებში დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
სერვისის მისაღებად პირმა my.gov.ge პორტალზე, კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მას მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
– დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge;
– დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
– წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
– მოქალაქე ფილიალში პირბადის გარეშე არ დაიშვება;
– ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქის თანმხლები პირები;
– მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტით გაეგზავნება;
– იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს, რომელთაც დაჯავშნილი აქვთ ვიზიტები, მოემსახურებიან ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და  პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
„ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე – 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ“, – აღნიშნავენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

 


Spread the love