გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა.
„ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალი, 5 შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში სულ 261 პაციენტი მკურნალობს. მათგან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
„ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია, როგორც თვითონ კოვიდ 19-ის მიმდინარეობით, ასევე თანარსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, პროგრესი კლინიკაში შემოსვლის მერე არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ძირითადად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა. მაისის ბოლოდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა.
განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1010.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
10 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6930 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.