უღელტეხილი, 8 აგვისტო
გვირაბს გამოვცდით, –
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, –
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.
გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა – წერა.
” უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა – უარყავ! ”
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის…
შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი: კარგია საქართველო… როდესაც გიყვარს.
08.08.2008) – გიო საჯაია
– – –
… საქართველო უნდა გიყვარდეს. საქართველო პარტია არ არის. არცერთი პარტია არ არის – საქართველო.