/სტიქიის მე-7 დღე რაჭაში

სტიქიის მე-7 დღე რაჭაში

Spread the love

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მე-7 დღეა აქტიურად აგრძელებენ რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებს.
გუშინ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის დროებითი გადასასვლელი ხიდები მოეწყო სოფელ მაჟიეთთან და სოფელ ხიდეშლებთან, სადაც ამ დროისთვის სარმის ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.
პარალელურად, დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთების აღსადგენად, 2 საპროექტო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.
მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სტიქიის შედეგად დაზიანებული და ჩამოშლილი გზის მონაკვეთების აღსადგენად. მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის მოძრაობა უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე.  ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე, 128-ე და 129-ე კმ-ზე ჩამოშლილ გზაზე დროებითი გადასასვლელების მოწყობის შემდეგ, სამუშაოები გრძელდება მომდევნო, 131-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთზე.  ამ მონაკვეთის გადალახვის შემდეგ, დროებითი გადასასვლელების მოსაწყობად მუშაობა გაგრძელდება შოვთან დამაკავშირებელ ხიდსა და ჩამოშლილი ორ მონაკვეთზე.
უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, რამდენიმე სოფელი ისევ რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
დასრულების ეტაპზეა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები. უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა. ამასთან, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდებოდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მესამე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.
სოფლის მოსახლეობისათვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების ვერტმფრენებით მიწოდება უწყვეტად გრძელდება.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 


Spread the love