საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაშიც გაგრძელდება და მთავრობა მათ სუბსიდირებას მოახდენს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს მთავრობა დაფარავს.
„ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.