/საქართველო უსაფრთხო ქვეყანად რჩება

საქართველო უსაფრთხო ქვეყანად რჩება

Spread the love

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა, რადგან საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად, იყო დროული.
 პანდემიის პირობებში, საქართველოსთან მიმართებაში ევროპის არცერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია .
 საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი – ხოლო, შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
ასევე, ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
 საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს – რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს.
 ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში – რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით;
საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა კვლევაზე მუშაობის პროცესში ჩართულ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ინტერესისა და აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა მიღწეული წარმატების მიუხედავად და შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
„გაეროს განვითარების პროგრამის სახელით დიდ სიამოვნებას მგვრის საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო. მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა. ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის, კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები.
„ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.


Spread the love