/აღდგენითი სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში

აღდგენითი სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში

Spread the love

სტიქიის ზონაში ინტენსიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.
გარესამყაროს მიწყვეტილ გომი-ჯინჭვისის შემოვლით გზაზე, სოფელ ღარში ლაგვანთის ხიდთან და სოფელ უწერის ბოლომდე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
გზაზე გადაადგილება შესაძლებელი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის.
საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
 ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელ უწერასთან (ჟამიერეთუბანი) დასაკავშირებლად.
სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები.
პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები.
ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება.
ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა.
“ონში დაახლოებით 1300 აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ. თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები რომ თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული გაუგებრობები” – განაცხადა გიგა მანდარიამ.

Spread the love