/ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილს ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანენ

ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილს ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანენ

Spread the love

სტიქიის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და  მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს.
სოზარ სუბარის განცხადებით, ვერტმფრენის მეშვეობით, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს და სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ მოუწევს, ვინაიდან უკვე მიმდინარეობს ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა.
„ჩვენ დავათვალიერეთ, ზემოდან შემოვუფრინეთ და ახლა მივდივართ, რომ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად უკვე დაიწყო ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ტექნიკის მობილიზებაც ხდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროებაა“, – განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სუბარის განმარტებით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია მედიკამენტების საჭიროების შესახებ, რაც უზრუნველყოფილი იქნება.
„ამ წუთისთვის 2000 მოსახლეა დარჩენილი გზის გარეშე და ამდენივე ადამიანს არ აქვს შუქი. 400 აბონენტი წყლის გარეშეა და მიმდინარეობს ღონისძიებები, რომ ვიდრე აღდგება სისტემა, სახლებში წყალი მივაწოდოთ. თუ ვინმეს განსაკუთრებული საჭიროება აქვს, იქნება ეს სურსათი, თუ წამლები, მივაწოდოთ“, – განაცხადა სუბარმა.
„ახლა ვიმყოფებით, სოფელ ნაკიეთთან, სადაც მდინარემ გზის ასმეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, თუმცა უკვე მოეწყო შემოვლითი გზა, რამაც საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია, ასევე აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა.
ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოყვება აუცილებელი სამუშაოები.
არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს, საუბარია კიდევ 5 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე, რაც რეგიონში გაგვაჩნია.
სტიქია ძალიან ძლიერია და ცუდია ის, რომ ეს არ ხდება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება. – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

 

 

 

 


Spread the love