/,,მთავარია ცოცხლები ვართ, უბრალოდ ბავშვობის მოგონებები მაგ ეზოებში დარჩება”

,,მთავარია ცოცხლები ვართ, უბრალოდ ბავშვობის მოგონებები მაგ ეზოებში დარჩება”

Spread the love

 

29 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში მომხადარი სტიქიის ღამის შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლები და სტუმრები გვიყვებიან, თუ რა ხდებოდა წყალდიდობის ეპიცენტრში, როგორ დაიწყო ეს საშინელება და როგორ გაგრძელდა მოვლენები შემდეგ.

თორნიკე მეტრეველი უწერის მკვიდრია, რომელიც ახლაც იქ იმყოფება :

,,სტიქიის ღამე რაღაც მისტიურ ღამეს ჰგავდა, საღამოს სეტყვა დაიწყო, თითქოს ყინულის ნატეხები ცვიოდა, მერე წვიმა და მთელი ღამე ჭექა ქუხილი, ისეთი ღამე იყო ვერ დაიძინებდა ვერანაირი სულიერი, მოლოდინიც ისეთი მქონდა, დილით სხვანაირი დამხვდებოდა ყველაფერი, დილის ხუთ საათზე ფეხზე ვიყავი, ეზოში გავიარე,  ისევ წვიმდა, როგორც კი ოდნავ განათდა ხიდისკენ წავედი, ესეთი მდინარე მართლა არ მინახავს, საუკუნის ხეებს ისე გლეჯდა, ვითომ ფურცელი იყო. სახლის ნახევარი ჩემ თვალწინ წაიღო. ძალიან დიდი მიწა წაიღო მდინარემ.

მე რაც მახსოვს, მეორედ მოხდა ესეთი ამბავი, ისე 1987 წელს მომხდარა და 1967 წელს თუ არ ვცდები. , მე მახსოვს 2003 წელს ანალოგიური ამბავი იყო.

მეორე დღეს სამაშველო გადმოვიდა, მედიკამენტები და  აუცილებელი მოხმარების ნივთები მიაწოდა ხალხს, ახლაც გზის შეკეთების სამუშაოები მიდის.”

მამუკა მეტრეველი ჯინჭვისიდან:

,,დილით სამსახურში უნდა წამოვსულიყავი,როდესაც ხიდთან მივედი, ადიდებულ მდინარეს ჩვენ სოფელთან დამაკავშირებელი გზა წაღებული ჰქონდა, ჯინჭვისის ხიდამდე მისასვლელი გზის 30 მეტრიანი მონაკვეთი განადგურებული. ღამით  სეტყვამ და წვიმამ გამოიწვია მდინარე რიონის ადიდება, ამის შედეგად სოფელი გომი და სოფელი ჯინჭვისი გარესამყაროს მოწყდა. მეორე დღეს დილიდან სოფლის დასაწყისში სამი ტრაქტორი მუშაობდა, მადლობა მინდა გადავუხადო მძღოლებს, საჭმელიც კი არ უჭამიათ, მთელი დღის   განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდნენ.

ჩვენთან მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია, უბრალოდ მეორე დღეს გადაადგილება იყო შეუძლებელი, არც დენი არ გვქონდა მთელი დღე, მაგრამ ძალიან დიდი შრომის შედეგად მეორე ღამეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა  ჯინჭვისს და ნაკიეთს.

დღეს უკვე მესამე დღეა და ჯინჭვისი–გომის ხიდთან დამაკავშირებელი დროებითი გზა აღდგენილია, გადაადგილება დაშვებულია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით ”

ვრცლად მოუსმინეთ : https://bit.ly/3fhSJ9p

ბექა ოშხერელი, 29 ივლისის ღამეს კურორტ შოვში ჟურნალისტებთან, თანამშრომლებთან და  მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა:

,,შოვიდან დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე დავაპირეთ უკან, ამბროლაურში წამოსვლა, ჟურნალისტები სასტუმროში დავტოვეთ. მე, მამუკა კვრაცხელია და ჩემი მეგობრები უკან ვბრუდებოდით, როდესაც მოულოდნელად,   ჩემმა მეგობარმა შენიშნა, რომ გლოლის ხიდზე (ზემოდან) წყალი გადმოდიოდა, ყვირილით გაგვაგებინა და მანქანა მოვატრიალე (ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე იმ ადგილას ეს)  ამ ყველაფერს ძლივს გავასწარით.  ხიდი მალევე ჩაინგრა და წყალმა წაიღო.

შემდეგ სასტუმროში დავბინავდით, თავიდან სიმშვიდე იყო, ღამის ოთხ საათზე სტუმარმა გამაღვიძა, გარშემო ყველგან წყალი იყო, გამოვედით გარეთ  არსად არ იყო ადგილი, რომელიც წყალს არ დაეფარა, ნიაღვარი მოდიოდა გარშემო.

დილით  ჩვენს დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს ტელეფონზე ვესაუბრე, ძალიან მალე დაგვეხმარა  და გამოგვიყვანეს იქედან, რისთვისაც მინდა მას ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით.”    ვრცლად მოუსმინეთ : https://bit.ly/30ge3I2





 

 

 


Spread the love