/სტიქია ზემო რაჭაში – გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე

სტიქია ზემო რაჭაში – გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
“ამბროლაურის ხმა” ესაუბრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს. მისი განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია მოწყვეტილი გარე სამყაროს.
დაზიანებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, რის გამოც მიმდინარეობს შემოვლითი გზების აღდგენა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.
ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება პროცესში.
„ 12 სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი, სოფლებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია,  2000 ადგილობრივი და დამსვენებელი არის მოწყვეტილი ჯამში კომუნიკაციას,  ცენტრალური მაგისტრალი სამ ადგილას არის დაზიანებული  და გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს შემოვლითი გზების აღდგენა. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საბედნეროდ არ არის მსხვერპლი, არც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსებაზე გვაქვს ამ დროისთვის ინფორმაცია.ზარალი არის საკმაოდ დიდი და კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება აღდგენას ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. ვერტმფრენიც  მობილიზებულია ადგილზე და თუ გარემო პირობებმა შეგვიწყო ხელი გამოყენებული იქნება, ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამ დროისთვის წვიმა შეწყვეტილია.

ვრცლად ამ თემაზე –სტიქია ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში