“ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა” – პაატა იმნაძე
Spread the love
ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, გამოიკვეთა ახალი კლასტერები – ლილოს ბაზრობა და გაჩიანი.
„ახალ კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს. მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა. ვიდრე კორონა იქნება დედამიწაზე, ჩვენთანაც ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი.
ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან.
ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე მკაცრი კონტროლი გვაქვს. ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ კარანტინის ზონებიდან არის გამოვლენილი.
ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ რიგში როგორ ვრცელდება ეს დაავადება – ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე. ამიტომაც გვაშფოთებს ეს შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.