უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზღვარზე გადაადგილება, მათ შორის სამუშაო მიზნებით, კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით ხდებოდეს.
საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმების პროცესის მიმდინარეობა. გასულ კვირას თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის – „ლილოს“, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, „დიდუბის“, „გლდანის“ ბაზრობები, ასევე – ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები.
მონიტორინგი ხორციელდება ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით, რომლის შემადგენლობაში არიან შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.
ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებმა ბაზრობაზე დასაქმებულებს მითითებები მისცეს უსაფრთხოების ზომებთან და დაფიქსირებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, ასევე გამოყენებული იყო შესაბამისი სანქციები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.