/ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება

ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს უკვე გახსნილი ეკონომიკური სუბიექტების შემოწმებას.
სხდომაზე აღინიშნა, რომ კონტროლის ღონისძიებები გაძლიერდება ბაზრობებზე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქმნის საფუძველს  ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაბნის მუცინიპალიტეტში უკვე დაიწყო და  მთელ რიგ სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი.
„მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი. შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები.
ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, პრევენციას, რომ უფრო გართულებისკენ არ წავიდეს პროცესი.
ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რადგან ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.