/ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა.
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დადასტურდა.
„ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და შემდეგ დროულად გადაგვყავს სამკურნალოდ. ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში. გარდაბანის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით. ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ, გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ. სადაც დადებითი იქნება, დროულად რომ იქნას იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ.
ვფიქრობთ, რომ ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს აღნიშნული სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ზოგად სიტუაციას, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლავ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლის იდენტიფიცირებასაც ექიმები დროულად ახერხებენ.