/ვის გადაუვადდება სავალდებულო სამხედრო სამსახური

ვის გადაუვადდება სავალდებულო სამხედრო სამსახური

Spread the love

სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა.
მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა.
„ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების უწყვეტი მიღების შესაძლებლობა, რათა სასკოლო საშუალო განათლების შემდეგ პირდაპირ შეძლონ გააგრძელონ სწავლა. ასეთ შესაძლებლობას ჯარის კანონი იძლეოდა მხოლოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით და მთავრობის ინიციატივის შესაბამისად. თუკი ეს კანონპროექტი შევა ძალაში, ეს შესაძლებლობა ასევე გავრცელდება პროფესიულ სასწავლებლებშიც. ვინაიდან პროფესიული კვალიფიკაციები და პროფესიული განათლება გახლავთ დღეს ჩვენი ეკონომიკისა და შრომის ბაზრის პრიორიტეტი, რადგანაც მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა სწორედ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება ერთჯერადად, ერთი პროგრამის დასრულების ჩათვლით, რაც ორი წელი გრძელდება. ორი წლის შემდეგ კი ახალგაზრდები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას სახელმწიფოს წინაშე. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ითვალისწინებს.

Spread the love