/საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს

Spread the love

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს.
რეფორმის მიზანია, სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა.
რეფორმა ორ კომპონენტს მოიცავს.
რეფორმის პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია, რომელიც 2017 წელს მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაწილეობით შეიქმნა.
ახალი რეგულაცია საერთაშორისო კოდექსის ძირითად მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა ამავდროულად ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკასაც ითვალისწინებს.
საქმიანობის წესის მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა, ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი, თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთ დაცვა.
ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და სხვა პირობები;  დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით. სავალუტო ბაზარზე მოქმედებების მაღალი სტანდარტების დასაცავად ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის ორგანიზაციულ მოწყობასა და IT ინფრასტრუქტურას.
„ბუნებრივია, ახალი მიდგომების დანერგვას თან ახლავს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. ამიტომ რეფორმის მეორე შემადგენელი კომპონენტია ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის – Bmatch ამოქმედება. გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით, ხოლო დადებული გარიგებების აღსრულება ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად ხდება“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს.
ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი.
ახალი წესების ამოქმედებით კი, პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც უკეთეს ფასს შესთავაზებთ.
ეროვნული ბანკის შეფაებით, ეს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს უზრუნველყოფს.
სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი, ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გააფორმონ.

Spread the love