/სექტემბრიდან სწავლა შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს

სექტემბრიდან სწავლა შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს

Spread the love

ვფიქრობთ შერეულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად კი, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს, განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ჯერ აბსოლუტურად კონტროლირებადია. სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება.
„ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის.
რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის. თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად  უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ

 


Spread the love