ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).
აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) /ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდირებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.
კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.
ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.
აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.