/მეტი ქალი პოლიტიკაში

მეტი ქალი პოლიტიკაში

Spread the love

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ცვლილება,
2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ დარეგისტრირდება.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით “ამბროლაურის ხმა” ესაუბრა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა  კომისიის  თავჯდომარეს, მარიკა ჯაფარიძეს.
რომელმაც აღნიშნა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქალის როლის გაზრდა, არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ნებისმიერ სფეროში. მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ჩადებული ფუნდამენტური უფლების, თანასწორობის ცხოვრებაშიც რეალიზაცია, რათა თანასწორობაზეა აგებული ძლიერი სახელმწიფოს არსებობა.
ასევე, ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც ქალი ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას არა მარტო ჩემი კოლეგების, არამედ მოსახლეობის მხრიდან.
ქალის როლის გაძლიერება შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობას, გაზრდის ქალის ავტორიტეტს.
გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი ჯერ კიდე 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონში შევიდა ცვლილება, რაც ისახავდა მიზნად ქალთა გაძლიერებას პარტიებში და შესაბამისად ქალთა რაოდენობის გაზრდასაც. თუმცა, ამ ცვლილებამ თუ წახალისებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეის მდგომარეობით პარლამენტში 21 ქალზე მეტი არ გვყავს. 193 ქვეყნიდან მხოლოდ 120-ე ადგილზე ვართ, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
შესაბამისად, ვფიქრობ, ცვლილება, რომელიც მიიღეს გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით არის პოზიტიური, რაც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართულობის გაზრდას. ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის გაძლიერებას, მივიღებთ მეტად დემოკრატიულ სისტემას, ყოველი ქალი პარლამენტარი, იქნება ნებისმიერი ჩვენგანის ხმა. ჩემი, ჩვენი დედების და ყველა იმ ქალის, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ხმა უშუალოდ გაგვაგონოს ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოდან. წინ წამოსწევს ფართო მასების ინტერესებს.
ეს ცვლილება გააძლიერებს ქალის როლს და დროთა განმავლობაში არა თუ ყოველი მეოთხე, მჯერა ყოველი მეორე ვიქნებით მმართველი ძალა.
მნიშვნელოვანია, აღნიშნული ცვლილების აღსრულებისას ყველა ადამიანმა გამოიჩინოს კეთილსინდისიერება. პარტიამ სიაში ქალი არ უნდა შეიყვანოს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღების და პარლამენტში მოხვედის მიზნით, აუცილებელია პარტიის წევრი ქალები იყვნენ აქტიურები, ინიციატორები, საზოგადოების ინტერესებზე მორგებულნი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ანგარიშგასაწევი ძალა.
მე თავად მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვარ, საკრებულოში შევედი პროპორციული სიით, მე არ ვთვლი რომ პარტიულ სიაში მხოლოდ იმიტომ მოვხვდი, რომ ვარ ქალი.
ვფიქრობ გენდერული კვოტირება იქნება გარანტია ქალების დაცვის პოლიტიკური იზოლაციისგან. დღეს რჩება შდაბეჭდილება, თითქოს ქალების წინ პოლიტიკურ სამყაროში დიდი კედელია აღმართული. ამას მოწმობს ყოველწლიურად პარლამენტში ქალთა რაოდენობის კლება.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში 21 ქალზე ბევრად მეტია, ვისაც შეუძლია მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისათვის იქნება მნიშნელოვანი.
ამიტომ, ყველა ქალს მოვუწოდებ აქტიურობისაკენ, რადგან თითოეული მათგანის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად ყველა ქალი უნდა გამოვიდნენ საზოგადოებაში და ღიად თქვან საკუთარი სათქმელი.

Spread the love