პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მოახლოებულ რთველის სეზონზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებზე, როგორიც არის „რქაწითელი” და „კახური მწვანე“, რომლის ფასიც 0.80 ლარზე ნაკლები არ იქნება.
პრემიერის ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალებაც მიღებული აქვს.
„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყურძენზე – „რქაწითელზე” და „კახურ მწვანეზე“ მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სწორედ სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია.
„ 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, ქართული მეღვინეობა ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის დარგის განვითარებისა და ზრდის ძალიან სერიოზული დინამიკა.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.