/რომელ ქვეყნებს გაუხსნა საქართველომ საზღვარი

რომელ ქვეყნებს გაუხსნა საქართველომ საზღვარი

Spread the love

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას. ეს ქვეყნებია,
1. გერმანია
2. საფრანგეთი
3. ლატვია
4. ლიეტუვა
5. ესტონეთი
მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.
ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

 


Spread the love