/ღები – ვაცისწვერის უღელტეხილი -ზესხო

ღები – ვაცისწვერის უღელტეხილი -ზესხო

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

რაჭის ტურისტული ბილიკი, სოფ. ღები – ვაცისწვერის უღელტეხილი – სოფ. ზესხო

ბილიკის ხანგრძლივობა 3 დღეა.

ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას, მისი სრულად გავლა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებასა და სალაშქრო უნარ-ჩვევებს. გვხვდება საცოცი და სახიფათო გადასასვლელები. ძლიერი ნისლისა და უამინდობისას თავი შეიკავეთ უღელტეხილებზე გადაადგილებისგან.

ბილიკზე იშვიათად გვხვდება წყაროები, მაგრამ მრავლადაა მთის ნაკადულები.

პირველი დღე  (მანძილი: 17.1 კმ. / 6 სთ. 25 წთ.)
მარშრუტი სოფ. ღებში იწყება და მდ. რიონის სათავეებისკენ მიემართება. ბილიკი დასაწყისში მარტივი სირთულისაა და 10 კმ-ის შემდეგ მიდის ადგილ – ბრილში, სადაც მწყემსების სადგომებია აშენებული სადაც დაბანაკებაა შესაძლებელი.

ბრილიდან ბილიკი საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის, ხეობას მიუყვება და 7 კმ-ის შემდეგ სრულდება ადგილ – ბართუზელში (ბრილამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით მისვლა).

მეორე დღე (მანძილი: 16.1 კმ. / 7 სთ. 50 წთ.)
ბართუზელიდან ბილიკი მკვეთრი აღმართით მიემართება სასვანო ტბებისკენ და 4.5 კმ-ში მიადგებით სასვანოს პირველ ტბას, ხოლო 500 მეტრის შემდეგ მეორე, შედარებით მომცრო ზომისას (ტბებთან შესაძლებელია დაბანაკებაც).

ტბებიდან ბილიკი ვაცისწვერის უღელტეხილისკენ (2910 მ.) გრძელდება და გზაგასაყარამდე მიდის, საიდანაც ჯერ უღელტეხილზე ავდივართ, შემდეგ უკან, გზაგასაყართან ვბრუნდებით, მარჯვნივ ვუხვევთ და ლაფურის საბანაკე ადგილამდე ვეშვებით, სადაც მდ. ცხენისწყალი და მდ. ლაფური უერთდებიან ერთმანეთს.

მესამე დღე (მანძილი: 9.8 კმ. / 6 სთ. 10 წთ.)
ლაფურის საბანაკედან ბილიკი რთულ კატეგორიაში გადადის, კვეთს მდინარეს და ლაფურის უღელტეხილისკენ (2526 მ.) მიდის.

უშუალოდ უღელტეხილზე გადასვლისას გვხვდება სახიფათო მონაკვეთი, სადაც დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ამ ადგილზე დამონტაჟებულია უსაფრთხოების ტროსი.

უღელტეხილიდან ბილიკი ეშვება, გაივლის მწყემსების სადგომებს და მდ. ზესხოსთან ჩადის. მდინარესთან ბილიკი მკვეთრად უხვევს მარცხნივ და მის გასწვრივ ეშვება. გზად გაივლის ალპინისტურ ბანაკ „ზესხოს“ და საბოლოოდ სოფ. ზესხოში სრულდება (სოფ. ზესხოდან, ბანაკ „ზესხომდე“ მიდის საავტომობილო, გრუნტის გზა).

ბილიკის რუკა–https://bit.ly/2VRkq1Z