/რაჭის სათემო ორგანიზაცია

რაჭის სათემო ორგანიზაცია

Spread the love

 

 

რაჭის სათემო ორგანიზაცია 2020 წელის 30 იანვარს დაფუძნდა.

ორგანიზაცია წესდებით ითვალისწინებს არა ერთი მიზნის განხორციელებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  რაჭის განვითარება, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, სკოლმდელი, სასკოლო  და პროფესიული  ხარისხიანი განათლების გაზრდის ხელშეწყობა, ეკო – აგრო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციის  მხარდაჭერა, კულტურული და სპორტული აქტივობის მხადაჭერა.

“ამბროლაურის ხმა” ესაუბრა რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ეთერ არსანიძეს, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.
რა ღონისძიებები განახორციელეთ უშალოდ დაფუძნებიდან დღემდე?
-ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ აქვს ფასიანი პროექტები, თუმცა წარდგენილი გვაქვს საგრანტო პროექტები, ძირითადად ტურიზმის მიმართულებით. ასევე, გასული ვართ „ორბელიანი მეტი“ -ს ფინალში.
პროექტი მიზნად ისახავს რაჭული ოდა სახლების გაცოცხლებას, კერძოდ,  ასწლოვანი სახლების ფოტო დოკუმენტირებას, სახლებისა და მეპატრონეების ისტორიების მოძიებას, შეკრებასა და ინტერნეტ  საიტზე განთავსებას. საიტზე ასევე იქნება განთავსებული სახლებამდე მისასვლელი რუკა.
თუმცა, ამ ეტაპზე ვართ თანხის მოძიების პროცესში.
ასევე ორგანიზაცია ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას. ძირითადი სამუშაო თემებია ინტერნეტიზაცია და სუფსიდირეებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა.
 უშუალოდ რა ფორმით ახორციელებთ ადვოკატირების კამპანიას?
-ადვოკატირების კამპანიაში თავად სათემო ორგანიზაციის წევრები ვართ ჩართულები, ასევე გვეხმარება „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი”.
პირველ ეტაპზე ჩვენი სამოქმედო გეგმა მოიცავდა ინტერნეტსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემების კვლევას.
პრობლემის გადაჭრის პირველ მექანიზმად გვესახება   საზოგადობას დავანახოთ პრობლემის არსი და მოგვარების საჭიროება. თუ არ დაარწმუნე თვითონ ხალხი აზრი არ აქვს მუშაობას. შემდეგ კითხვები აქვთ თავად ხალხს, გვჭირდება კი ტრანსპორტი, სულ ორი მოსახლე ვართო ?!
შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ველოდებით საზოგადოების დახმარებას და ვმუშაობთ ხალხში ცნობიერების ამაღლებაზე.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად თუ გიცდიათ მუშაობა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით?
-ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე არ მიგვიმართავს, არც მათი მხრიდან ყოფილა რაიმე შემოთავაზება. თუმცა, მომავალში ვფიქრობთ თანამშრომლობას, რადგან აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში ხელისუფლების როლი დიდია. ასევე, ვფიქრობ ადვოკატირების კამპანიის პროცესში, გვქონდა უკვე წარმატებული პრეცედენტი.  თებერვლის თვეში, როდესაც დავიწყეთ პირველი ადვოკატირება. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა საჯაროდ გამოთქვა პრეტენზია, ონი – ამბროლაურის ტრანსპორტთან დაკავშირებით, რადგან მას კოლეჯ “ერქვანში” სისტემატურად უწევდა სიარული და მოუწესრიგებელი ტრანსპორტი ხელს უშლიდა გადაადგილებაში.
აღნიშნულ განცხადებას მალევე მოჰყვა ონის მერიის პოზიტიური რეაქცია და მეორე დღესვე დაინიშნა კოლეჯის მოსწავლეებისთვის სპეციალურად გამყოფილი ტრანსპორტი.
 გაქვთ თუ არა დაბრკოლება მუშაობის პროცესში?
-ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა არის სამუშაო სივრცის არარსებობა.
ასევე, მუშაობის დასაწყისში, პირველივე კვირაში იყო ირიბი ზეწოლა ორგანიზაციის წევრებზე.
რასაც შედეგად მოჰყვა რამდენიმე ორგანიზაციის წევრის გათიშვა.  ასევე, ულახავდნენ ჩვენ ორგანიზაციას იმიჯს, თითქოს ვათეთრებდით ფულს და ორგანიზაციის წევრებს დაიჭერდნენ ფულის გათეთრებისთვის. რასაც რამდენიმე წევრმა ვერ გაუძლო.
თუმცა, მსგავსი ფაქტები არ გაგრძელებულა, ვინაიდან ნახეს რომ რეალურად ცუდს არაფერს ვაკეთებდით.
სამომავლოდ რა ღონისძიებებს გეგმავთ?
-ვაგრძელებთ ადვოკატირების პროცესს. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში ვართ რვა წევრი და ვაგრძელებთ ახალი წევრების მიღებას, განსაკუთრებით სოფლებიდან ველოდებით განაცხადებებს.
ასევე, ვიმედოვნებთ ხელისუფლება ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

Spread the love