/რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს შესახებ

Spread the love

ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება, რომელიც ადამიანებზე  ძირითადად ტკიპების ნაკბენით ვრცელდება.
ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპა. ტკიპები, მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
დაავადების რეზერვუარს წარმოადგენს, მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები.
ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ – ადამიანს. ასევე, დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დაავადდეს.
ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს.
შესაბამისად, დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. ასევე, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.
დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან, ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. ასევე,  არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დაბინძურების შემთხვევაში.

დაავადების სიმპტომები

დაავადების  ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაინფიცირების ტიპზე. ტკიპის კბენით დაინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ  1-3 დღეა, მაქსიმუმი კი 9 დღე. ინფიცირებულ სისხლთან, ან ქსოვილთან კონტაქტისას ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 5-13 დღეა.
ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, აღინიშნება მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, კუნთების, სახსრების, მუცლის არეში ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს ღებინება, სახის, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის კანის გამოხატული სიწითლე (კაპიუშონის სიმპტომი).
ვირუსი აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქსა და ჰიპოთალამუსს, რაც იწვევს სისხლის შედედების პროცესის დარღვევას. დაავადების მე-2-მე-6 დღეს ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი – გულმკერდის გვერდით ზედაპირებზე, მხრის სარტყლის მიდამოში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჩნდება უხვი ჰემორაგიული გამონაყარი.
აღინიშნება სისხლჩაქცევები ინექციის ადგილებში, ცხვირიდან, ღრძილებიდან სისხლდენა. შესაძლებელია გონების დაკარგვის ეპიზოდები. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა პროგნოზს კიდევ უფრო ამძიმებს.
მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება საშუალოდ 12 დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, საერთო სისუსტე და ასთენია შეიძლება შენარჩუნდეს 1-2 თვის განმავლობაში. ლეტალური გამოსავალი შეიძლება დადგეს თანდართული გართულებების – ფილტვების შეშუპების, სეფსისის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, პნევმონიის – შედეგად.
ყირიმ-კონგოს ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს. შემთხვევათა 10-40%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება.

მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები.

რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისათვის არ არსებობს. შესაბამისად, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ადამიანთა ინფორმირება რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია დაიცვათ მინიმალური სტანდარტები, როდორებიცაა
• დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები);
• ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;
• ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით, მისი არსებობის შემთხვევაში კი უსაფრთხო მეთოდებით მოცილება.
• ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში;
• ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება.
• მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს;
• დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.
• რეგულარულად დავიბანოთ ხელები

 

ასევე დაგაინტერესებთ – საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა


Spread the love