/ახლაც მახსენებს ქოხი, ფიცრული ძაფზე ახირხლულ ყვითელ ზაფრანას….

ახლაც მახსენებს ქოხი, ფიცრული ძაფზე ახირხლულ ყვითელ ზაფრანას….

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

ავტორი ბადრი სულაძე

ისე გავედი სოფლის ბოლომდი,
გზამ ამოსუნთქვაც აღარ მაცალა.
როგორ უხდება ეზოს მოლოქი,
ქათამაცა და ქათანაცარაც…
-დიდება შენსა გამოჩენასო, –
შემაგებებდა სიტყვას ბებია.
ისე, ჟაშქვამ რომ ლუკმა შემარგო,
მე არაფერი არ შემრგებია.
თითებზე ახლაც ამდის ის სუნი,-
რა დამავიწყებს ქვიჯას, ქვასანაყს,
ახლაც მახსენებს ქოხი, ფიცრული
ძაფზე ახირხლულ ყვითელ ზაფრანას.
როცა ბებია ქათამს დაკლავდა
ღვინოს მოსვამდა წვრილი ჭიქიდან,
მაგრამ სხვა გემოს უფრო ატანდა
კვახიწელას და შინდიფიფინას.
თეთრ ხორცს რომ თეფშზე გადმომიღებდა,
ვერ დავმალავ და მართლაც მიკვირდა,
გულით რამხელა სითბოს იტევდა,
თვითონ რომ ქათმის ფეხებს წიწკნიდა.
პურს მეც შევჭამდი კვახკაკლებიანს,
სულაც არ მინდა ქათმის ბარკალი, 
ოღონდაც, ჩემო ტკბილო ბებია
ერთი ვარია კიდევ დაკალი.
როგორ უხდება ეზოს მოლოქი,
ქათამაცა და ქათანაცარაც.
ისე გავედი სოფლის ბოლომდი,
გზამ ამოსუნთქვაც აღარ მაცალა…

გარეკანის ფოტო- ალეკო სარდანაშვილის სახლი